ჩემი ახალი სახლი : ))
აპრილი 16th, 2010 Posted 00:38
http://ashileu.blogspot.com/
Posted in უკატეგორიო
აპრილი 16th, 2010 Posted 00:38
http://ashileu.blogspot.com/
Posted in უკატეგორიო
ოქტომბერი 22nd, 2009 Posted 06:55
„ფორთოხლები“. ფრაგმენტი.
“A woman’s whole life in a single day”
Virginia Woolf
თამარი რთავს რადიოს და სახლიდან ყვავილების საყიდლად გადის. ეზოებში დარბიან წითელკაშნეიანი ბავშვები. დედები სარკმელს უსხედან ფინჯანი ყავით. მამები უკვე ფარეხში შევიდნენ. დღნ, დღნ - ავტომობილს ქოქავს ი.
„დაკეტილია“ - ყვავილების მაღაზია. კვეთს ტრასას, შედის კაფეში, იხდის ქურთუკს, ხელთათმანებს და „ ფინჯანი ყავა“. უშაქროდ, რძით. უკიდებს სიგარეტს. ქუჩაში კანტიკუნტად მოძრაობს ხალხი და მანქანები. დედები უკვე მოწყდნენ სარკმელებს. ჩაიცვეს ზაფხულში მოქსოვილი სვიტერები, საუზმე და მშრალი ტანსაცმელი გაუმზადეს ეზოდან დასაბრუნებელ ბავშვებს…
„ღიაა“. ოფიციანტს აწვდის ფულს, გადადის ყვავილების მაღაზიასთან.
- მიხაკები!
წითელი, ყვითელი, თეთრი, შინდისფერი…
- სტუმრები ?
- დღესაც.
გაზეთში უხვევენ უზარმაზარ თაიგულს.
ქუჩა სავსე არის ბავშვებით. გარბიან სკოლაში, იცინიან, ივსება ჰაერი. ახსენდება - ფორთოხლები! ფორთოხლები არ უყიდია.
- ფორთოხლები! ფორთოხლები მინდა. - ჩურჩულით ეუბნება გამყიდველს.
- დეე, ჩურჩულით რატომ ამბობ? - ეს ია, სხვა დღეს.
- „ფორთოხლები“ ხომ ჯადოსნური სიტყვა არის, ი. - უკვირს მასაც.
- ბატონო ? - გამყიდველი წარბის აწევით. დღეს.
- ფორთოხლები! - ისევ ჩურჩულით.
უზარმაზარ თაიგულთან ერთად მიაქვს ფორთოხლები, რომელებიც დაკრიფეს მზიან მხარეში. ანუ უჭირავს მზეები.
ოლო : - რას ვამზადებთ ? (ოლო თამარის მოახლეა).
მე : - მმ… გემრიელებს.
ოლო : - მაინც ?
მე : - ხორცს მოვამზადებ, ბრინჯითა და სოკოთი.
ოლო : მჭადს, ფხალს, ხაჭაპურს…
მე : ჰო, ჰო, ოლო, შენ უკეთ იცი. კიდევ მოვიფიქრებ რამეს.
ოლო : დედაშენმა დარეკა.
მე : რაო?
ხორცს ჭრის.
ოლო : იკითხა, როგორ ხარ. თუ ჭამ, ბოდავ, ეწევი, სვამ. რა სიხშირით კითხულობ. რადიოს თუ ელაპარაკები. ამჯერად რითი ხარ გატაცებული.
მე : თვითონ უკეთ არის?
ხორცს ჭრის.
ოლო : მითხრა, რომ კარგად არის. ი, რძე დალიე!
დალევ შენც ?
მე : არა.
სიგარეტს უკიდებს.
მე : ოლო, უთხარი, რომ ვქსოვ ?
ოლო : ისიც ვუთხარი, დილით რომ არღვევ. ამდენს ნუ ეწევი. სამსახურიდანაც დაგირეკეს.
რადიო სხვა ხმებს ახშობს.
რადიო გადმოსცემს, რომ ბაზარზე გათავდა საქონლის ხორცი.
რადიო გადმოსცემს, რომ ეს ხორცი ბავშებს ჩამოაჭრეს.
თამარი ბავშვებს ჭრის.
ჭრის გრძელ და თანაბარ ნაწილებად.
რომ წითელ ღვინოში შეწვას.
ოლო : აქ ხარ ?
მე : კი.
ისიც უთხრა, რომ დილით არღვევს.
- ახალი პროექტის მზადებას მომავალ კვირაში დავიწყებ. დამავალე, შეატყობინე გენიოსთა ჯგუფს, შაბათს, 7-ზე შეიკრიბონ.
- ოკ.
- გაყიდვების მენეჯერსაც გააგებინეთ. უნდა გავიქცე, საღამოს სტუმრებს ველი. თუმცა, შენც ხომ…
იღიმიან.
- შეურიგდი სოფის ?
- არა. - იატაკს უყურებს. - ზოგჯერ ვფიქრობ. ადვილია იყო ქალი ? აი შენ - ოჯახით, სამსახურით, ათასი აკვიატებით. გერმანიიდან ისევ დარეკეს, რატომ არ წახვალ. ათასი შემოთავაზებით. თუმცა სხვა, ასეთი ქალი არ მინახავს. ხელფასი კარგია, სამუშაო - საინტერესო, გრაფიკი - თავისუფალი.
ბავშვობაში, გახსოვს? თბილისში იშიათად თოვდა და თუ თოვდა, ბავშვები კისრიტეხით ჩავრბოდით ეზოებში. მხოლოდ შენ იჯექი სარკმელთან.
ვიოლინოზე უკრავდი. ძილის წინ ზღაპრებს გვიყვებოდი. მერეც, რომ გავიზარდეთ. ზოგჯერ რას ვფიქრობ იცი ? ჩვენი ოჯახის თითოეული წევრის დედა ხარ. დედასიც…
- დაურეკე სოფის. საღამოს ერთად მოდით.
ხმები ისევ იკარგება. საფეხურებიც იკარგება, ფრთებს შლის. ქუჩები ცარიელია. ჰო, ბაზარზე გათავდა საქონლის ხორცი და ბავშვები მოიტაცეს ქუჩებიდან. თოვლს წაართვეს ბავშვები და ჩამოაჭრეს ხორცი. საოცრად წითელია მზე, ჰაერიც.
ვიტრინებიდან იღიმებიან წითელი მანეკენები.
კაბას ყიდულობს საღამოსთვის. რიტუალია - ახალი კაბა ყოველი წვეულებისთვის.
- უკაცრავად საათს ვერ მეტყვით? - გამვლელი. ოჰო, საათი. ორია. ორი, ღმერთო, აგვიანდება!
მეორე სართულზე? გმადლობთ. დიახ, გასაუბრებაზე -
- თქვენ სივი მოლარის თანამდებობაზე გადმოგზავნეთ?
- დიახ.
- საოცარია. რატომ წყვეტს ახალგაზრდა წარმატებული ქალბატონი სუპერმარკეტში იმუშავოს მოლარედ?
ოთახის მოწესრიგებას იწყებს. ყვავილები - თაროებზე, კუთხეში. მაგიდაზე. არა, მაგიდაზე არა. ტუმბოზე. მეორეზეც. ფორთოხლები ხის კალათებში. თეფშები, თეფშები - 13, 14. ჩანგლები, დანები, ჭიქები.
- დეე, ხელსახოცები გავიწყდება.
ხელსახოცები. ერთს ი დებს, მეორეს თამარი, ერთს ი.
- დეე, აბა თუ დამიჭერ.
მაგიდის გარშემო დარბიან სიცილით. კართან დგას ოლო და უყურებთ. იცინის ისიც.
მიწაზე წვება. ცა დიდი დაფაა. - უყურებს.
- ადამიანი სიბრტყეზე დაშვებული წერტილია. მხოლოდ! ადამიანი ვერასდროს ხდება ერთი, ის ყოველთვის მეტია.
ზრდად ლოგარითმულ ფუნქციას ხატავს ხმა.
- ორდინატთა ღერძი აქ შიგანია, მეგობრებო, კონკრეტული ადამიანის შიგანი. აბცისათა ღერძი კი ადამიანების რაოდენობა ადამიანში. იზრდება Y, იზრდება რაოდენობაც.
და რადგან არ არის მარტო, ძალუძს შემოიერთოს სხვა და სხვა, გამთლიანდეს და შეკრას წრე. წრე კი ეს სიმბოლოა ერთისა. გესმით, მეგობრებო, ბევრი ადამიანია ერთი. მაშ, როგორ დამიმტკიცებთ, რატომ არის მათემატიკა ზუსტი მეცნიერება ? მრავალი შესაკრების ჯამი ერთის ტოლია, მაშინ როდესაც ყოველი შესაკრები მეტია ერთზე ?
- გაჩუმდი. - დგება. მამასთან ადის. კარს თვითონ აღებს. ის სარკმელთან ზის. კალთაში კატით.
- მამა, როგორ ხარ?
- ის ვხედავ ხოლმე ეზოში. ყოველთვის მარტო თამაშობს. იმ ავტომობილით. დღეს თოვლი მოვიდა. ყველა ბავშვს უყვარს თოვლი. შენც გიყვარდა თოვლი.
- მამა, როგორ ხარ ის გკითხე.
- ეგ უარესი გაიზრდება.
პაუზა.
- მამა, როგორ ფიქრობ, დედამ ჩემ გამო მიგატოვა?
- საიდან გაგიჩნდა ეგ კითხვა? საერთოდ, რატომ სვამ ამდენ კითხვას.
- ადამიანები გამუდმებით ეძებენ პასუხებს. გამუდმებით. დარბიან წიგნებში, ფილმებში, საუბრებში, ფიქრებში, რომ იპოვნონ. ასე ხდებოდა პროექტებს რომ ვამზადებდით უნივერსიტეტში. გაჩნდებოდა რაღაც კითხვა და პასუხი არსად იყო, ამ პასუხს ვერ ვპოულობდით ვერც წიგნებში, ვერც კონსპექტებში, ვერც ინტერნეტში. ვეკითხებოდით ერთმანეთს, მშობლებს, დებს, ძმებს, გამვლელებს. პასუხი არავინ იცოდა რაღაც უმარტივეს კითხვებზე - რატომ მოხდა ეს? რატომ გადაწყვიტა ის? რატომ გადადგა ის ნაბიჯი? რატომ? ყველგან იყო კითხვის ნიშნები, მაგრამ რადგან თვითონ არ გვქონდა პასუხი ოპონენტ ჯგუფს კითხვას ვერ ვუსვამდით. რჩევისთვის პროგრამის ხელმძღვანელს მივმართეთ. უცნაური რამ გვიპასუხა, რომ მთავარი კითხვა არის. ცხოვრებაშიც ასეა. მთავარია მიაგნო კითხვას. ყოველი ახალი კითხვა ნაბიჯია წინ. ის კითხვა მოსვენებას მაინც არ მოგცემს, გაწვალებს, გაგღრღნის და მერე სადმე, ოდესმე, ძალიან მარტივ მოვლენაში იპოვნი პასუხს.
პასუხები ნაკლებმნიშვნელოვანია.
- არც ერთი ნაბიჯი არ გადაგიდგამს წინ.
მამა ტელევიზორს რთავს. სათვალეს ისწორებს. როდის შეიძინა სათვალე. ბოლოს არ ჰქონდა. ბოლოს როდის ნახა. ან ეს პოლიტიკოსიც რა ხელებს იქნევს.
- მე გეკითხებით, მეგობრებო, არის თუ არა მათემატიკა ზუსტი მეცნიერება ?
აბა, ტრიგონომეტრიული ფუნქცია ავაგოთ, Y = tg x, პერიოდია T = п. ხედავთ ? რაღაც განსაზღვრული პერიოდის მერე, მეორდება ყველაფერი, უსასრულობიდან უსასრულობამდე. - ოფლს იწმენდს.
ჩვენ კი ახლა ამ ორგანზომილებიან სიბრტყეზე ვართ. ჩვენ ვართ სიბრტყეზე დაშვებული წერტილი, მაგრამ არასდროს ვართ მარტო, რადგან ყოველთვის ვართ ერთზე მეტი, ჩვენ ვიკრებით, ვმთლიანდებით და ვიქმნებით წრედ. ეს წრე კი თავის თავში უსასრულობაა და რაღაცის ნაწილი. წარმოიდგინეთ, ეს ყველა ადამიანი, ერთად რომ შეიკრა, ერთი წერტილიდან გამოდის. ერთი აქვს სათავე, ის მიწის ნამცეცი. - უკვე ვეღარ არჩევს მის მიმიკებს, მხოლოდ ხმას ხედავს. - შესაბამისად იკვრება კონუსი. მაგრამ მოდით, გავშალოთ კონუსი. კონუსის შლილი ეს არის წრეზე მიმაგრებული სეგმენტი. სეგმენტი კი, მოგეხსენებათ ნაწილია სულ სხვა წრისა, მაშ რაშია საქმე, მეგობრებო ? ეს წრეები ებმის ერთმანეთს უსასრულობიდან უსასრულობამდე.
ჩვენ განვიხილოთ მხოლოდ ერთი მონაკვეთი, რადგან დანამდვილებით ვიცით გეომეტრიული პროგრესიის ბიჯი - წრე, რომელსაც ჩვენ ვქმნით. წრე, რომელსაც…
ფრთხილი ხმები. სხვა ოთახიდან. ეს ოლოს ხმაა. ის დედას. ესეც ექიმის. სიღრმიდან მხიარული შეძახილები ისმის. სტუმრები. წვეულებაა. წითელი კაბა. სადღაც აქ. იცვამს. კარს აღებს. მკვეთრი სინათლე თვალს ჭრის. მის სადღეგრძელოს ამბობენ ბაკალი ღვინით.
- მე გამიმარჯოს! - სვამს. იღიმიან.
- შენ გაგიმარჯოს! - შეძახილები.
ოლო (ჩურჩულით) : გადაღლილი ხარ. დასვენე.
რაღაც უნდა თქვას. რომ დღეს ფილმი უნდა ნახონ. თუ ითამაშონ.
მე : დღეს ლიტერატურული შეკრებაა?
ოლო : არა. ეგ მომდევნო შაბათს გქონდა დაგეგმილი.
მე : დღეს რა ხდება, ოლო. დღეს მომავალი შაბათია. დღეს ლიტერატურული საღამოა. გიოს ლექსები უნდა განვიხილოთ.
ოლო : გიოს ლექსები წინა თვეში წაიკითხეთ. როგორც მახსოვს, არჩილს ჰქონდა ახალი თამაში. რამდენიმე დღე ელოდი, ვერ გამოტეხე.
- არჩილ. იქნებ. - იღიმის.
- თუ ყველა მზად ხართ. - იქ მყოფთ ათვალიერებს. - წესები მარტივია. ყველანი წრეზე ვდგებით…
- დადექით წრეზე. - სხვა ხმა. ცდილობს არჩილზე იყოს ორიენტირებული. დააკვირდეს მისი ტუჩების მოძრაობას. - წრეზე ვდგებით. ჩამოვატარებ კალათს. თითოეული თქვენგანი ამოიღებს…
- აი, მე და შენ უკვე წრე ვართ. ჩვენ ვართ უსასრულობა. - ხმები. არჩილის ხმა უნდა იპოვნოს -
- მაგრამ გეკითხები შენ, მხოლოდ ასე დგომა ქმნის წრეს ? ადამიანების ურთიერთკავშორის განხილვამდე თვითონ ადამიანი განვიხილოთ. რა არის ის ? რა ფიგურას ჰგავს ?
- ფსიქოლოგები განარჩევებ ადამანთა 4 ტიპს გეომეტრიული ფიგურების მიხედვით. - ეს არჩილია.
- ფსიქოლოგები განარჩევენ ადამიანთა 5 ტიპს გეომეტრიული ფიგურების მიხედვით, - ხმა აჯავრებს. - ხედავთ ? მათემატიკა ფსიქოლოგიაშიც!
- პირველი ტიპია წრე, რომელიც ჩვენ განვიხილეთ და აღვიქვით დადებითად, აქ კი წრე გაიგივებულია ჩაკეტილობასთან. შემდეგი ორი ტიპი მართკუთხედი და კვადრატი თითქოს ერთმანეთს ჰგავს, თუმცა ფსიქოლოგიური კუთხით სხვაობა დიდია - კვადრატი ეს არის იდეალურობისკენ მსწრაფი პიროვნება, მართკუთხედი კი ჩარჩოებში მოქცეული. ტეხილი, ტეხილი! არსებობენ ტეხილი ადამიანები - მათ შემოქმედებით უნარს მიაწერენ, ხიფათიანი ხალხია, სწრაფად ცვლიან მიმართულებას, არ ჩვევიათ საკუთარი აზრის დაცვა. და სამკუთხედი - ტიპი ლიდერი ადამიანებისა. - აქ არჩილის ხმა იკარგება. - მაგრამ ფსიქოლოგები არაფერს წერენ მონაკვეთ ადამიანებზე. პიროვნებებზე, რომლებსაც აქვთ მკაცად განსაზღვრული დასაწყისი და დასასრული. მინდა ყურადღება მიაქციოთ ამ ჩემეულ ტიპს. ასეთი ადამიანი მონოტონურია, მექანიკურია, სადღაც, მათეულ დასაწყისში დაქოქეს და შეწყდებიან უბიძგოდ. - სტუმრებს ტოვებს, - მე კი ცოცხალი ადამიანი მიყვარს, მეგობრებო! მონაკვეთი ადამიანები ქრებიან სწორედ იმიტომ რომ თვითმკვლელები არიან, ახშობენ მთავარ კოდს ადამიანში - სიცოცხლეს, სიცოცხლე კი რა არის, თუ არა საწყისი უსასრულობიდან უსასრულობამდე, ტანგეს იქსის ფუნქცია, რომელიც მეორდება დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში. - სად არის მაკრატელი? - საზოგადოება კი იყენებს კიდევ ერთ მათემატიკურ მოდელს - მოდულს. აი, ვთქვათ ადამიანი არც სამკუთხედია, არც კვადრატი, სხვანაირი, ჩვენეული გაგებით მინუსიანი ადამიანია, საზოგადოება იღებს ამ ადამიანს, ათავსებს მოდულში და ცდილობს იქიდან ნორმალურად გამოიყვანოს. - თმებს იჭრის, -მაგრამ ბევრი გიჟის „მორჯულებას“ ვერ ახერხებს სისტემა. ეს ნაწილია „0“ ადამიანებისა, რომლებიც არც უარყოფითი არიან, ვერც შეიქმნებიან დადებითად. მეთანხმები, მეგობარო ? მაგრამ ეს სულ სხვა ნული ადამიანია. ისინიც კი არიან ერთზე მეტი. და მივედით სწორედ იქ საიდანაც დავიწყეთ, რატომ არის კაცი ერთზე მუდამ მეტი? - ბრიტვა! ბრიტვით უნდა მოიპარსოს თმა,- ადამიანს მუდამ აქვს ურთიერთობა მეორესთან, ჩვენ შევდივართ ერთმანეთში და გამოვდივართ სხვანაირი, გამოგვაქვს ერთმანეთის ნაწილი. კომუნიკაციის ძირითადი მიზანი ამაში მდგომარეობს, წამოვიღოთ მეტი და მეტი. - სისხლი სდის თავიდან, - ჩვენ მიერ განხორციელებული მოქმედებების შედეგად ორივე მხარე მეტ ნაკლებად ვივსებით, თუმცა შევსება როდი გულისხმობს გაძლიერებას. აი ჩვენ ხომ ვდაგავრთ წრედ, ვქმნით კი მთლიანს ? არა! ჩვენ გვახშობს მატერიალური სურვილები. უნდა ვთქვათ თუ არა უარი მატერიალურ ღირებულებებზე? ვთქვათ კი, მერე ? რა მოხდება მერე? შევიკრებით წრედ და რა ? - კარადიდან ტანსაცმელს ყრის, - აქ საჭიროა ჩავფიქრდეთ, რა არის ადამიანის ცხოვრების აზრი, რატომ გაჩნდა ადამიანი, რა საჭიროა არ შესუსტდეს ცხოვრების უწყვეტი ძაფი ? - რადიოს პოულობს, - გავიხედოთ ცოტა წინ, რა იქნება მერე? - რთავს და ჩუმი ხმით :
- ჩვენ ამოვალთ ხეებად! შევქმნით სიბრტყეს, საშუალებას მივცემთ სხვა ადამიანს მცირეოდენი კორექტირებით გაიმეოროს ჩვენი ცხოვრება. და რატომ ? აი აქ ისევ კონუსამდე მივდივართ, და ისევ ჯაჭვთან რომელიც გრძელდება უსასრულობიდან უსასრულობამდე.
ჩუმდება. აივანზე ტანშიშველი გადის. მოაჯირზე ჩიტები სხედან. ცა სავსეა მზით. ისინი იღიმიან. თამარი, შენ და ი. შენ საქანელას კიდებ და უსასრულოდ ქანაობ. ის ზაფხულიც და შემოდგომაც, ახლა ზამთარიც. შიგნით კი მონაკვეთი ადამიანები მართავენ წვეულებებს, ბაკალი ღვინით სვამენ დიასახლისის სადღეგრძელოს, თამაშობენ - სიტყვა : ქალი. კითხვა : რატომ წყვეტს ახალგაზრდა წარმატებული ქალი… და ახალგაზრდა, წარმატებული ქალი, ცენტრი ამ ყალბი სიხარულის, ცოლი შენი, ტანშიშველი გარბის სუპერმარკეტში, ყიდულობს ფორთოხლებს და ახალ თოვლზე ტომრით მოათრევს. სტუმრები შეშფოთებით უცქერენ ამ თავსისხლიან ქალს და ფეხაკრეფით ტოვებენ შენს სახლს.
- შენი არჩევანი არ ჩადგე წრეში გტოვებს აქ, დროის ამ წერტილში. შენ აღირიცხები ცხოვრების წიგნში, დარჩები, უკვალოდ ხომ არაფერი იკარგება. მაგრამ მე მსურს ჩავდგე წრეში, რათა ვიქცე მცირე ნაწილად იმ დიდი ჯაჭვისა და გადავაადგილდე უსასრულობის სხვა ნაწილში.მსურს მოვწყდე საკუთარ ხეებს, ისევ წერტილად ვიქცე. - რადიოს უყვირის თამარი, იატაკზე ყრის ფორთოხლებს.
დღნ, დღნ - ავტომობილს ქოქავს ი.
რადიოს შიშინში მე შევიცვალე.
Posted in "ფორთოხლები"
ოქტომბერი 22nd, 2009 Posted 06:47
„ფორთოხლები“. ფრაგმენტი.
„ფიფრინავო, მთვარეს არ გადაუარო“.
ანა
მიხურულ კარზე ისევ კიდია აბრა: ელენე ინწკირველი, ფსიქოლოგი. გამოწერილ რეცეპტზე კი ორად ორი სიტყვა : ქვიშის თერაპია. ეს ნიშნავს საკუთარ ისტერიულ განწყობას ქვიშაში თამაშით უნდა ვუმკურნალო. რამდენიმე დღის შემდეგ მკურნალობის კურსს უფრო კონკრეტული სახე ეძლევა, კერძოდ - სამი წლის მანძილზე პირველად ვიღებ შვებულებას, ლიკანში თვით ოთახი ვქირაობ, ჩანთაში პირად ჰიგიენის ნივთებს, ტანსაცმელს და საგანგებოდ შეძენილ პოლიეთილენის ვედროს და ნიჩაბს ვაწყობ და ახალციხის მიკრო ავტობუსით ვტოვებ დედაქალაქს. 2 საათიანი მგზავრობის შემდეგ სამთავრობო სანატორიუმთან ჩამოვდივარ, სადაც ოთახის მეპატრონე მხვდება და გზას მიმიკვლევს ამინდზე საუბრით, რომ მთელი კვირა წვიმდა და მე მზე ჩამოვიტანე. მიწა შრობას იწყებს - ამ სუნს ვინახავ. მახსენდება, რომ მობილური აუცილებლად უნდა გამოვრთო და დღიურში ჩავინიშნო უბრალო მოვლენები, რომ
„დღეს დავბინავდი. ბრინჯი მოვიხარშე და ახლა მძინავს“.
რომ ჩემს სიზმრებში უფალს ოთხი ხელი აქვს და მე არ ვიცი ჯვარს სად დავუმაგრო კიდევ ორი, უსაშველოდ გრძელი ფიცარი და ლურსმნებს ვენაში ვიჭედებ, რომ გავიფართოვო ხვრელი და უნემსოდ შევიყვანო ჩემში შიდსის ვირუსი, დავაინფიცირო ქუჩაში გამოფენილი ადამიანები, რომლებსაც აბრები უჭირავთ ხელში: ელენე ინწკირველი, ფსიქოლოგი. გამოვრბივარ, ამ აბრებს ვაგროვებ, ვღეჭავ. დაავადებულ ხალხს კი ყუმბარებს ვესვრი. ტელევიზორს თავს ვხდი და გვამებს იქ ვყრი, რომ ცარიელ სახლებში ჩართულმა ტელევიზორებმა გადმოსცენ მეპატრონეები. მაგრამ ოთახიდან ოთახში დავრბივარ და მხოლოდ ერთ არხს უჩვენებს : მდინარეს თევზები შეჭამენ - ამბობს ქალი და ღიმილით ადუღებს ყავას.
ცხადში -
ყავას ვიდუღებ. ვეწევი. ვედროთი და ნიჩბით მივდივარ ბორჯომის ცენტრალურ პარკში. ვპოულობ მისწავლილ ოქროსფერ ქვიშას, ათ წუთიანი დაკვირვების შემდეგ ბავშვების გვერდით ვჯდები და…
- ეცა ვინ ალის? - პატარა გოგონა ეკითხება მეორეს.
- არ ვიცი.
- რა გქვია, პატარავ?
- მე დიდი ვარ. პატარა მარიამია. შენ დიდი ბავშვი ხარ? გინდა გამოვაცხოთ პასკა?
ბავშვობაში სველ მიწას ვტენიდით ცარიელ კონსერვის ქილებში. „პასკა, პასკა, გამოცხვიი“…
- გამოვაცხოთ.
ნიჩბით ქვიშას ვიღებ. მერე მეორეს. ვედროს ვავსებ. ვაბრუნებ. „… თუ არ გამოცხვებიი“. არ გამოდის. იშლება. არც ბავშვებს გამოსდით. ქვიშა მშრალია.
- ალუბლის წვენი დავამატოთ. - ბავშვები ინტერესით მიცქერენ. ჩანთიდან ალუბლის წვენს ვიღებ და ქვიშით სავსე ვედროში ვასხამ.
პასკა ცხვება.
- დეიდას დაემშვიდობეთ, ბავშვებო. - ხელს მიწვდის, - თეა. მარიკო, არ დატოვო ნიჩაბი.
- სასიამოვნოა. თამარი.
- ეს ჩვენი ნიჩაბი არ არის, მარიკო, დეიდასია. ბავშვებთან ერთად ხართ ?
- არა.
- მარტო ხართ? საღამოს ყავაზე გვეწვიეთ. - ჩანთიდან კალამს იღებს და ხელისგულზე მაწერს მისამართს, - დროებით.
- დროებით.
მე მეორე პასკას ვაცხობ. მშობლებს მიყავთ ბავშვები და მოედანი ცარიელდება. ღმერთო, ჩამომხედე ზემოდან, ან იქნებ ამ ქვიშაში ხარ. ერთ ნიჩაბ ღმერთს აგიღებ და ცისფერი სარაფნის ჯიბეებით წაგიღებ სახლში, რომ აღარ იყო ისეთი მიუწვდომელი და უცხო, როგორც ხატებზე გწერენ ხოლმე.
პარკს ვტოვებ. უმიზნოდ დავხეტიალებ ქუჩებში. ხის ხიდზე ვჯდები. თვალდახუჭული ყურს ვუგდებ მტკვარს. მდინარეს თევზები შეჭამენ, დედა, დასუქებულებს დაუსკდებათ ლაყუჩები, სისხლი ჩაიღვრება დამშრალ კალაპოტებში. დიქტორებმა ხომ დილით გადმოსცეს, რომ პირველი ტყვია უკვე გავარდა. რომ ამ გამყიდველს ფერი დაუკარგა ორი იდენტური თოჯინის ხსენებამ, რადგან გოგონა სოფლად გაგზავნა და ეს სოფელი უკვე საღამოს ეპიცენტრია. რომ ქაოსია ქუჩებში, რომ ხაზები გადაიტვირთა, რომ თევზები უკვე მოცურდნენ სათავეებთან…
კარს ანა მიღებს. გოგონებს მოსწონთ თოჯინები და მასპინძელი, ჰო, მგონი თეა, ყავას მიმზადებს.
- ხვალ ჩემი მეუღლე ჩამოდის, - თითქოს სხვათაშორის მეუბნება, - თუ გნებავთ, თბილისში ჩვენთან ერთად წამოდით.
- აქ დასასვენებლად ჩამოვედი.
- ჩვენც…
- მაშინ დაისვენეთ.
ფეხზე ვდგები. ფეხზე დგება თეაც.
- ღამე მშვიდობისა.
ქუჩაში გამვლელებს ვაკვირდები. თეას თვალების შიში უკვე ქალაქს მოედო. ინფიცირებულია აფთიაქარიც, რომელსაც ვერაფრით უპოვნია პრედნიზოლონის ამპულები. ათი საათისთვის ქუჩები ცარიელია. მივაბიჯებ ბორჯომი ლიკანის გზის ფერად ფილებზე. თერთმეტისთვის სახლში ვბრუნდები და დიასახლისის ტელეფონით ვრეკავ.
მე: ოლო.
ოლო: ახლა ჩაეძინა. დარეკე ხვალაც.
მეორე დილით გვიან ვიღვიძებ. კართან ტრადიციული საუზმე მხვდება - ფინჯანი ყავა, ნაჭერი პური კარაქითა და ჟოლოს ჯემით, ხაჭო და მოხარშული კვერცხი (ნუთუ ოლოს ხელი აქაც გადმომწვდა?). ისაც იდენტური ულუფა აქვს. ჩვენ ერთმანეთის ხათრით ვსაუზმობთ.
- რამდენჯერმე გამოვცვალე ყავა, რომ ცხელი დაგხვედროდათ. - დიასახლისი მოურიდებლად შემოდის ოთახში, - უკვე სადილის დროა.
- არა უშავს.
- ცუდი სიზმარი ნახეთ?
- წყალსაც მოვუყევი.
- რომელ წყალს?
- თასში.
- გამდინარე წყალს უნდა მოუყვეთ, რომ თქვენგან წაიღოს.
- იქნებ ჩემში მინდა დარჩეს?
- მაშინ შინაარსმოკლებული ხდება რიტუალი.
- თუ მსმენელი მსურდა მყოლოდა?
- ცოტა ყურია?
- არა მარჯვედ მომართული.
- რა გესიზმრათ?
- ფიცრები.
- მხოლოდ?
- ჯვარი დავშალე და კუბოდ შევკარი.
- ვინ დაკრძალეთ?
- თევზები.
- აპირებთ გასვლას?
- ნუ მეტყვით რომ საშიშია.
- საიდან მოვიდა ამდენი ქვიშა? - კაბას ფერთხავს აივანზე.
- ღმერთს ნუ დამიფანტავთ!
დიასახლისი გაკვირვების დამალვას ცდილობს და ოთახიდან გადის. მე ეკლესიაში გავრბივარ, ღვთისმშობელს სანთელს ვუნთებ. ვევედრები მაპატიოს სიზმრები და ჩემი შეთხზული ლოცვები. იქიდან ცენტრალურ პარკში მივდივარ, რომ ბავშვებს ვთხოვო, სხეულით ჩამფლონ შენში, მაგრამ მოედანიც, ატრაქციონებიც ცარიელია და მე მარტოდმარტო სათამაშო ნიჩბით ვთხრი ქვიშას, რომ ვიპოვნო დიდი ხნის წინ იქ დამალული განძი. და ვპოულობ! ვპოულობ! ვპოულობ მიწას. მაგრამ შემკრთალი უკან ვხტები. აქ ხომ თევზები ჩავმარხე ღამით.
თეასთან იმ დროს შევდივარ, როცა მეუღლესთან საუბრის დროს გებულობს, რომ გაიწვიეს და ჩამოსვლას ვეღარ ახერხებს. თეა შეშინებულია. მე მინდა დავაწყნარო, ვუთხრა, რომ ქალაქს სწორედ ის აავადებს, მაგრამ არ მისმენს. ბავშვები აივანზე დგანან და მოუთმენლად ელიან ვერტალიოტის გამოჩენას. ოთახში შემოვარდნილი თეას დიასახლისი დიქტორივით ყვება, რომ დაიხოცა უკვე ორასი, რომ გვამები სატვირთოებით გააქვთ. მოგვიანებით ვგებულობთ, რომ ბევრი რამ გაზვიადდა. ეს მოვლენები ტელევიზორებიდან, ბეჭდვითი პრესიდან გვახსოვს. მაგრამ გვავიწყდება მთავარი, რომ მნიშვნელობა არ აქვს რა ყალიბში მოვათავსებთ ამ ყველაფერს, პროვოკატორად ერთ პოლიტიკურ მხარეს შევრაცხავთ, თუ მეორეს ვაღიარებთ დამნაშავედ, ნებისმიერ შემთხვევაში მკაცრ რეალობად რჩება - გვამები ქუჩებში, გაქცეული ხალხი და ჩვენ, ბავშვები, აივანზე, რომლებსაც არაფერი გაგვეგებოდა ომის, ველოდით დაჭრილ მამებს და თვითმფრინავებს ვევედრებოდით…
Posted in "ფორთოხლები"
ოქტომბერი 12th, 2009 Posted 04:18
„სამყაროს უკანა ეზოში უნდა ვითამაშოთ,
რადგან აქ _ სიმშვიდეც და ხმაურიც
კუთვნილებით ნაცვალსახელებზე ნაწილდება:
ჩემი,
შენი,
მისი“.
ნატო ინგოროყვა
უკანა ეზოში, ეკლებში გაზრდილ ფორთოხლებთან,
აფხაზის ბიჭი დაუკრძალავთ.
აქ ჩემი ჰქვია მხოლოდ ფერმკრთალ გოგონას,
საწოლების ქვეშ, პიანინოში რომ დაეძებს გაქცეულ მშობლებს,
ოთახიდან ოთახში მიათრევს ვიოლონჩელის ცარიელ ბუდეს
და ემალება ტყვიების ზუზუნს.
აქ შენი ჰქვია მხოლოდ ფერმკრთალ გოგონას,
საწოლების ქვეშ, პიანინოში რომ დაგეძებს დაჭრილ მამას,
უკანა ეზოში აგროვებს მზიან ფორთოხლებს
და ზღვისკენ აგორებს.
ეს თამაშია. მომეხმარე.
სიცარიელე ფორთოხლებით ამოვავსოთ,
რომ მდინარეს გადასულნი ყვებოდნენ, როგორ იქცა ზღვა მზედ,
რომ აქ კუთვნილებით ნაცვალსახელებს „მისი“ ჭარბობს,
რომ ლაჩრები ვართ.
აქ მისი ჰქვია პირობითად.
უკანა ეზოში, ეკლებში გაზრდილ ფორთოხლებთან,
ჩვენი სხეულია.
Posted in "ფორთოხლები"
ოქტომბერი 12th, 2009 Posted 03:55
ჩემს ეზოში ხეები გადმორგე,
ცხრა თვეები მუცლით მატარებინე,
რომ ბებია ქალმა ყოველი ჩემი სიკვდილის შემდეგ
ფუთებში გახვეული შვილები ჩემი
წეროებს გაატანოს იმ ქვეყნებში,
სადაც ქალები ვერ პოულობენ საკუთარ ნახევრებს.
მისწერე -
დედებო,
შვილებს ნუ უჩვენებთ იოლ გზებს,
დაე, გათელოს ცხოვრებამ, მხოლოდ იყვნენ მართალი.
ასწავლეთ მათ კითხვების მიგნება,
რადგან პასუხები ნაკლებმნიშვნელოვანია.
ნათლობისას -
ჩემს სხეულში გამოზრდილ სიტყვებს
მათი ფესვებისგან გამოთლილი ჯვარი დაკიდე,
რომ საუკუნოდ დაყურებდნენ მიწას.
გამომიკვებე ტანჯვით -
დღიური ლუკმისთვის ფრჩხილებით გათხარონ მიწა,
სიცივე ბავშვობიდან ჩაისახლონ ხერხემალში.
ახსოვდეთ, არ არსებობს დრო, რომელიც მოსპობთ,
რადგან ყოველი მათგანი შენ ხარ.
გამომიზარდე სიტყვებამდე -
ჩემში შვილები აღმოაცენე,
რომ მერქვას დასასრული, მათ - გაგრძელება.
Posted in ჩემი შემოქმედება : )
ოქტომბერი 9th, 2009 Posted 11:18
წითელი
–
თვალი რესპოდენტს გაადევნა. ქალი ერთგან წაბორძიკდა, დამფრთხალმა მიმოიხედა, კაბის სწორებით შეერია გამვლელებს. გუიტა წამოდგა, უკან გაყოლის სურვილს აყოლილი, ძლიერი ბიძგით გააღო კაფეს კარი, ბნელ ქუჩებს დაედევნა. მარკეტის ვიტრინებთან წუთით გაიფრიალა წითელმა კაშნემ. გუიტამ გზა გადაჭრა. დარტყმა იგრძნო. ამოტრიალდა. დახრილი თავები შენიშნა მერე. ისინი წრეზე იდგნენ, მის გარშემო მოძრაობდნენ თითქოს.
ფორთოხლისფერი
–
დედაჩემი მეძავია. ახლა, გათენებისას ბრუნდება სახლში. მოხრილი მხრებით შემოაქვს თოვლი. კართან იხდის ფეხსაცმელს. ფარდებს წევს, რომ მზეს საშუალება მისცეს, ამოავსოს სახლი. ჩვენი სარკმლიდან სასაფლაოს ხედი იშლება. მის გვერდით ვჯდები.
- მზის ამოსვლას გილოცავ, შვილო.
ფორთოხალს მიწვდის.
ყვითელი
–
ყვითელ თასმებს ვუკრავ.
-მზეს მივასწრებთ. - ველოსიპედებზე ვსხდებით, თავგანწირული მივქრივართ ზღვისკენ.
დათოვლილ ნაპირზე ვწვებით. ავყურებთ ზეცას. ღმერთს დაუგდია ჩვენი საქანელები. თავის უფლები ანგელოსებს ვხატავთ მიწაზე.
მწვანე
–
ხეების გარშემო ვტრიალებთ.
ანენუნეოო… ფარავდეთ შვილებს. გადაეფაროთ მწვანე სამოსი.
ანენუნეოო… ფარავდეთ ჩვენს ქმრებს. გამარჯვებული დაგვიბრუნე. (ომში წავიდნენ).
ანენუნეოო… გვფარავდეთ დედებს.
ანენუნეოო… სიკვდილის შემდეგ გადაგვისახლე.
ვტრიალებთ. მოჭრილ ხეს თაყვანს ვცემთ და ვეუბნებით:
- მზის ამოსვლას გილოცავ, დედა.
ცისფერი
–
„მე დასასრული არ მაქვს“, ბოლო სიტყვებს დღიურში ვიწერ. უკან მივყვები. ათოვს.
ვეწევი. მხარზე ვეხები ხელით. ბრუნდება. სხვაა.
მიწაზე ვწვები. ერთი მანქანა ამუხრუჭებს. სხვები გარბიან.
ცისფერ კაბაზე ეჭიდება დედას გოგონა. ზღვისკენ გარბიან.
ლურჯი
–
ღმერთს დაუგდია საქანელა. სხეულები, თოკებმობმული, ზღვამ გამორიყა.
იისფერი
–
ღმერთს დაუგდია საქანელა. სხეულები, თოკებმობმული, ზღვამ გამოგვრიყა. დაგვმარხეს ერთად. წრეზე დამდგარან კორპუსები. გადმოგვყურებენ. თოვს. გათენებისას დაბრუნდება გუიტა სახლში. ფარდებს გადაწევს. ჩანთიდან ფრთხილად ამოიღებს მოპარულ ფორთოხალს. შვილს გაუწვდის. იისფერ ქუდს დაახურავს, რომ ისიც, დანარჩენ ბავშვებთან ერთად, გამოიქცეს, ზურგით შეგვეხოს.
ოქტომბერი 8. სახლი.
Posted in ჩემი შემოქმედება : )